eng geo
logo
უკან

დავით ყვირლიანი

რეგიონი: ქვემო ქართლი

ქალაქი: თბილისი

ასაკი: 36

„მე ვარ დავით ყვირლიანი 36 წლის. ვცხოვრობ თბილისში ჩემს ოჯახთან ერთად. 6 თვის ასაკში დამიდგინდა, რომ ვიყავი მცირედმხედველი, ხოლო 2 წლის ასაკში გავხდი უსინათლო. პრაქტიკულად იმ პერიოდიდან ვარ ყოველდღიურ ბრძოლაში ამჟამინდელი მდგომარეობის სასიკეთოთ შეცვლისათვის. 


სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დავამთავრე პოლიტოლოგიის ფაკულტეტი. მინდა მოკლედ გითხრათ, რომ პრაქტიკულად მთელმა ოჯახმა ავიღეთ დიპლომი, რადგან მაშინ გამხმოვანებელი პროგრამებიც არ არსებობდა და არანაირი ადაპტირებული მასალები არ იყო. შესაბამისად ჩემს ოჯახს უხდებოდა ჩემთვის ხმამაღლა წაეკითხათ მოცემული ლიტერატურა. 


მალევე დავსაქმდი და დავიწყე მუშაობა უსინათლოთა კავშირში, სადაც ათი წელი დავყავი. ამჟამად ვარ სამსახურის მაძიებლის სტატუსით და ძალიან აქტიურად ვაგზავნი ჩემს მონაცემებს ვაკანსიებზე. ხშირად მირეკავენ და მიბარებენ გასაუბრებაზეც, თუმცა როცა ვეუბნები, რომ მე უსინათლო ვარ და აქვს თუარა აზრი ჩემს მისვლას ან დამხვდება თუარა ჩემთვის ხელმისაწვდომი გარემო მაშინვე იბნებიან და მეუბნებიან რომ გაარკვევენ და ერთ საათში გადმომირეკავენ. თუმცა ზარი არავის დაუბრუნებია უკან. მე სულით მებრძოლი ადამიანი ვარ და ეს არც გამტეხს და არც ფარ-ხმალს დამაყრევინებს მაგრამ უმეტესობისთვის დამთრგუნველი იქნება, ჩაიქნევს ხელს და სახლში დაჯდება. 


ამჟამადაც არ ვწყვეტ სწავლის პროცესს, გავდივარ კურსებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში იმ იმედით, რომ საბოლოოდ მივაღწევ მიზანს. საქმე იცით რაშია? საზოგადოებამ არ იცის უსინათლო ადამიანის შესაძლებლობებზე. ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება, უბრალოდ გვჭირდება უფრო მეტი დრო ვიდრე თქვენ. 


მე დანებებას არ ვაპირებ. ყოველთვის ვითხოვდი, ვითხოვ და მოვითხოვ იმას რაც ჩვენ გვეკუთვნის. მუდმივად ვუსვამ ხაზს, რომ სახელმწიფო არ არის სოციალური პასუხისმგებელი პირი, იგი ვალდებულია ჩვენთვის მორგებული პირობები შექმნას ქვეყანაში.“