eng geo
logo
უკან

სტანისლავ ციბლუსკი

რეგიონი: ქვემო ქართლი

ქალაქი: თბილისი

ასაკი: 26

"მე ვარ სტანისლავ ციბულსკი 26 წლის თბილისიდან. ჩემი დაბადების პროცესში მომხდარი შეცდომის შედეგად დამიდგინდა თვალის ნერვის ატროპია და შესაბამისად ვარ უსინათლო. მართალი გითხრათ ბავშვობაში ჩემს ოჯახს ჰქონდა იმედი, რომ დანახვას შევძლებდი და არაერთი სარეაბილიტაციო კურსიც გავიარე, თუმცა შემდეგ ერთმა ექიმმა გვითხრა, რომ ეს შეუძლებელი იყო და სწორედ იმ პერიოდიდან დავიწყე ზრუნვა ჩემს ინტელექტუალურ განვითარებაზე, ანუ გავიაზრე ჩემი მდგომარეობა და ერთადერთ მიზნად დავისახე მიმეღწია ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმისათვის. 



მე პირადად სტრესული მდგომარეობა არასდროს მქონია, რადგან ჩემთვის უსინათლობა შეძენილი არ არის. მე არასდროს მინახავს სამყარო სხვა ფერებში, ის ჩემთვის ისეთია, როგორიც უბრალოდ წარმომიდგენია. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი ოჯახის მხარდაჭერა და ხელშეწყობაც. 


ვსწავლობდი და დავამთავრე უსინათლოთა სკოლა თბილისში, სადაც გარემო ადაპტირებული და ჩემზე მორგებული იყო. თუმცა როცა სტუდენტი გავხდი და სრულიად სხვა გარემოში აღმოვჩნდი, მივხვდი თუ რამდენი დაბრკოლების გადალახვა მომიწევდა. ესეც დავძლიე და მეორე კურსიდან მოხალისედ ვმუშაობდი დღის ცენტრში, ხოლო უკვე უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა საზოგადეობასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. 



მაქვს უფრო შორეული გეგმებიც. მინდა ჩემი ორგანიზაცია ჩამოვაყალიბო, რომლის ძირითადი საქმიანობაც იქნება ტრენინგები სხვადასხვა სფეროში. ზოგადად პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ნაბიჯები ყოველთვის ყველაზე რთულია, როცა ყველა სკეპტიკურადაა განწყობილი. თუმცა გადადგამ რა პირველ ნაბიჯს მაშინვე გაგიჩნდება მეორეს გადადგმის სურვილი. ყოველთვის ვამბობ, რომ არასდროს გქონდეს უზარმაზარი მოლოდინი, თორემ იმდეგაცრუება გარანტირებულია. დავიწყოთ პატარა ნაბიჯებით და მიზნებით, რომ გავაკეთოთ დიდი საქმე."