თამუნა
რეგიონი: ქვემო ქართლი
ქალაქი: რუსთავი
ასაკი: 31
თამუნა 1994 წელს დაიბადა. იმ დროს არც ცნობადობა იყო, არც ხელმისაწვდომობა – არავინ გვეუბნებოდა რა უნდა გვექნა, როცა ბავშვს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. ომის დროს ვცხოვრობდით აფხაზეთში, ექიმებს ცოდნა არ ჰქონდათ, ჩვენ გამოცდილება არ გვქონდა და წლების განმავლობაში ვცხოვრობდით – გაურკვევლობაში, შიშსა და იმედში.
ბევრი მკურნალობის შემდეგ, თამუნამ პირველად 4 წლის ასაკში გაიარა. პირველად უბრალოდ წამოდგა… 5 წამით, მაგრამ ეს იყო სამყაროს გადატრიალება ჩემთვის. მერე – სიარული. ნაბიჯ-ნაბიჯ, წყვეტილად, მაგრამ აუმჯობესებდა და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით წინ.
სკოლაში რომ წავიყვანე, ყველგან წინააღმდეგობას ვაწყდებოდით. თავდაპირველად თამუნა გამოწვევების გარეშე ჩაირიცხა პირველ კლასში, ბავშვები გვერდით ედგნენ და მხარს უჭერდნენ მას. მაგრამ, შემდეგ კლაში გადსვლის უფლება არ მისცეს, რადგან მასწავლებელი ამბობდა, რომ ის ზედმეტ ყურადღებას იქცევდა. სამწუხაროდ, ასეც მოვიქეცი. ალბათ, მაშინ ინკლუზიური განათლება რომ ყოფილიყო, ან ამდენი ცოდნა მქონოდა თამუნა სკოლას დაამთავრებდა.
ყველაფერი შეიცვალა 2010 წელს, როცა გარდაბანში თერაპიული ცენტრი გაიხსნა. თამუნა უკვე 17 წლის იყო. ცენტრის ხელმძღვანელმა რომ ჩვენი გზა გაიგო, მითხრა – „შენ ხარ ის ადამიანი, ვინც აქ გვჭირდება“.
დავიწყე როგორც დამლაგებელი და ნელ-ნელა პედაგოგად გადამაყვანეს, მერე კოორდინატორად… თან ჩემი შვილი ჩემს თვალწინ იზრდებოდა, ვითარდებოდა, არ მქონდა შფოთვა – სად წავიდოდა ან ვინ მიხედავდა.
თამუნა დღეს 33 წლისაა. დღემდე დადის ცენტრში, რადგან აქ ის კომფორტულად გრძნობს თავს. დამოუკიდებელია – დილით თვითონ იღვიძებს, პირი იბანს, იცვამს, ოთახს ალაგებს. საჭმელი თავად გამოაქვს და ჭამის შემდეგაც ალაგებს. უყვარს სისუფთავე, წესრიგი და… ჩემი ახლოს ყოფნა.
მშობლებს მინდა ვუთხრა
ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც გეტყვით, რომ აზრი არ აქვს ბრძოლას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ნუ დამალავთ ბავშვებს – გაერთეთ, წაიყვანეთ ყველგან.
ბავშვებს სჭირდებათ არა მარტო თერაპია – სჭირდებათ ურთიერთობა, ჩართულობა, სიცოცხლის შეგრძნება
ეს იყო ჩვენი გზა – შიშით დაწყებული, მაგრამ სიყვარულით და იმედით გაჟღენთილი. და დღეს თამუნა კვლავ იღიმის. და მე ვიცი – ეს ღიმილი, ჩვენი საერთო გამარჯვებაა.