ნათია ბანციმაძე
რეგიონი: შიდა ქართლი
ქალაქი: ხაშური
ასაკი: 42
ის, თუ რამდენად გადამწყვეტია სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და პირებისთვის, პირველად ჩემი შვილის საჭიროებებიდან დავინახე.
დღეს ირაკლი უკვე 7 წლისაა, და უკვე 4 წელია, რაც ერთად ვსწავლობთ ცხოვრებას აუტიზმის დიაგნოზთან ერთად. მანამდე ამ სიტყვაზეც კი არაფერი ვიცოდი. სწორედ ინფორმაციის ნაკლებობა იყო ჩვენი პირველი და ყველაზე დიდი დაბრკოლება.
როცა შენი შვილის დიაგნოზს იგებ, ავტომატურად იწყებ სერვისების ძებნას. ახალციხეში ვიყავით ჩართულები რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამაში და იქ უამრავ შედეგს მივაღწიეთ. როცა ხაშურში გადავედით, მაშინვე დავიწყე ახალი სერვისების მოძიება და აღმოვაჩინეთ დღის ცენტრი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ერთი კვირის გაცდენაც კი ირაკლის განვითარებაზე საგრძნობლად აისახება.
მე, როგორც დედა, ყოველდღე ვცდილობ შევუქმნა ისეთი გარემო, სადაც ის იქნება თავისუფალი, ბედნიერი და შეძლებს განვითარდეს საკუთარი გზით. მაგრამ მხოლოდ ჩემი ძალისხმევა საკმარისი არ არის. ჩვენს შვილებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, მეტი სერვისი, განსაკუთრებით რეგიონებში – რადგან ეს მათთვის არა მხოლოდ დახმარებაა, არამედ გზა სრულფასოვანი ცხოვრებისკენ.