ლუიზა მაჩიტიძე
რეგიონი: იმერეთი
ქალაქი: ზესტაფონი
ასაკი: 52
ხშირად ყველაზე განსხვავებული ამბები ყველაზე მოულოდნელად იწყება. ხათუნას ისტორიაც ასე დაიწყო, თავიდან ვერაფერს ვამჩნევდით, სანამ მეტყველების სირთულეებმა თავი არ იჩინა და ექიმთან მისვლამ რეალობის წინაშე არ დაგვაყენა.
დიაგნოზის გაგება ჩემთვის იყო დაბნეულობისა და გააზრების მომენტი ერთდროულად. ბევრი კითხვა დამიგროვდა, მაგრამ ერთ რამეში მაშინვე დავრწმუნდი ხათუნას არასდროს ვაგრძნობინებდი, რომ რამე არ შეუძლია. მას არაფერში ვზღუდავდი პირიქით, ყველგან ვრთავდი და ვაძლევდი შესაძლებლობას, საკუთარი ძალები თავად აღმოეჩინა.
ყველაზე რთულ ბარიერს სკოლაში შევეჯახეთ, როცა მასწავლებელმა მითხრა, რომ ხათუნა აქ ვერ ისწავლიდა და სპეციალურ სკოლაში უნდა გადაგვეყვანა. ეს სიტყვები დამანგრეველი აღმოჩნდა, მაგრამ არ გაგვაჩერა. ხათუნამ სკოლაში 12 წელი გაატარა, დაესწრო ბანკეტს, ზეიმებს, ყოველთვის ლამაზად გამოწყობილი და თანასწორად მიღებული, ის სოციუმის ნაწილია და ასეც დარჩება.
ხათუნას განვითარებაში განსაკუთრებული როლი დღის ცენტრმა ითამაშა. თუ ადრე ადამიანებთან ურთიერთობას ერიდებოდა, დღეს უამრავი მეგობარი ჰყავს. აქ აღმოაჩინა საკუთარი თავი ხელოვნებაში, დაიწყო ხატვა, სამკაულების შექმნა და მსახიობობა. სწორედ ამ გზამ მიიყვანა პოლონეთამდე, სადაც ათი დღით ბავშვებთან ერთად სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ წარადგინა. ეს მისი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო და მისთვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი გამოცდილება.
სხვა მშობლებს ერთს ვეტყვი: ნუ შეზღუდავთ თქვენს შვილებს და ნუ ეტყვით რომ რამე შეუძლებელია. ენდეთ მათ, მიეცით სივრცე და შესაძლებლობა. ბავშვები საკუთარ გზას იპოვიან, ჩვენ კი მათი ყველაზე მტკიცე საყრდენი უნდა ვიყოთ.