eng geo
logo
უკან

ლალი ლომიძე

რეგიონი: შიდა ქართლი

ქალაქი: ხაშური

ასაკი: 36

ლალი ლომიძე 36 წლის, ხაშურიდან.


"ჩემი შვილი, გიორგი ხარაიშვილი ლაღი, ცოტა ცელქი, ჭკვიანი და მხიარული 7 წლის ბიჭია. მისი დიაგნოზია დაუნის სინდრომი. ძალიან მიხარია, რომ ამ დიაგნოზის წარმოთქმის შემდეგ შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო და საზოგადოების ცნობიერებაც ავამაღლო, რადგან გიორგიმდე მსგავსი დიაგნოზის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. არ ვიცოდი როგორი იქნებოდა, რა შესაძლებლობები და გამოწვევები ექნებოდა.


დიაგნოზის გაგებისას ერთდღიანი ტირილის შემდეგ, მოპოვებული ინფორმაციის და გაცნობილი მშობლების შემდეგ მივხვდი, რომ სატირლად ნამდვილად არ მქონდა საქმე და არც მეცალა ამისთვის. ჩავერთეთ ადრეული განვითარების პროგრამაში, რადგან ხაშურში მსგავსი პროგრამა არ გვაქვს ყოველ დღე 6 წლამდე დავდიოდით თბილისში. ამ პროგრამაში ჩართვამ უამრავი რამ მასწავლა ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით, გამაძლიერა და ამიმაღლა ცნობიერება.


გიორგი უკვე პირველ კლასშია, მართალია ონლაინ გაკვეთილები ძალიან გვიჭირს მაგრამ, ჩემი ჩართულობით და მასწავლებლების დახმარებით გიორგიმ სწავლობს წერას, კითხვას და ციფრებს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში გიორგი პირველი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი იყო და ყველას ეშინოდა როგორი იქნებოდა მისი ჩართულობა და განვითარება სკოლაში, ვფიქრობ, წარმატებით გავართვით და ვართმევთ თავს. ასევე, ხაშურში ჩავერთეთ დღის ცენტრის პროგრამაში, რომელიც პანდემიის პერიოდში უდიდესი ხსნა იყო ჩვენთვის.


აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ არასდროს მიგრძვნია უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან, ჩვენ სადაც ვცხოვრობთ იქ მსგავსი საჭიროების მქონე ბავშვი არ ცხოვრობს და როგორც მე მივიღე ზუსტად ისე მიიღო ყველა ჩემმა მეზობელმა გიორგი. ამიტომ, ვფიქრობ, როგორც შენ მიიღებ შენს შვილს ისეთი მიმღებლობა ექნება საზოგადოებასაც.


მშობლებს სულ ვეუბნები, ყოველთვის დასვით შეკითხვები, ისაუბრეთ საკუთარი შვილის დიაგნოზზე, საჭიროებებსა და გამოწვევებზე რაც შეიძლება მეტი. "