eng geo
logo
უკან

თათია დათაშვილი

რეგიონი: ქვემო ქართლი

ქალაქი: თბილისი

ასაკი: 26

თათია დათაშვილი, 26 წლის, თბილისიდან.


"1,5 წლის ასაკში იმის გამო, რომ არ ვრეაგირებდი ხმებზე დედამ მიმიყვანა ექიმთან, რის შედეგადაც დამესვა სმენის სენსონევრალური დაქვეითების დიაგნოზი.


ჩემმა მშობლებმა დაიწყეს მოძიება გზების, რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ, რითი შეძლებდნენ ჩემს მხარდაჭერას, განვითარებაში ხელშეწყობას. დედაჩემი მუდმივად ეძებდა მომსახურებებს, შესაძლებლობებს საქართველოშიც და უცხოეთშიც. საქართველოში არ იყო ბევრი შესაძლებლობა. არც მომსახურებები იყო, არც ტექნოლოგია, რომელიც დამეხმარებოდა.


მიჭირდა ჩემი კლასელების საუბრის გაგება, ვერ ვერთვებოდი კომუნიკაციაში და ამის გამო ხშირად მათთან ურთიერთობის მიღმა დავრჩენილვარ. ამაზე ყოველთვის გული მწყდებოდა.


დედის აქტიური ჩართულობით და დახმარებით ძალიან ბევრი უნარი განვივითარე და ძლიერი გავხდი. ახლა ჩემს აზრს ყოველთვის თამამად გამოვხატავ. ვისწავლე, ადამიანებს თავისუფლად ვუთხრა რომ არ მესმის, ცუდად მესმის და გამიმეორონ ნათქვამი ან დამიწერონ. დამოუკიდებლად ვახერხებ გადაადგილებას, ბევრს ვმოგზაურობ.


რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე გადავლახე თუმცა, დღემდე არ მომწონს საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულებები, მაგალითად როდესაც ჩქარა ლაპარაკობენ, ან სახეს ევრ ვხედავ, მიჭირს გავიგო. ხშირად მეუბნებიან „მერე გეტყვიო“ ან „ისეთი არაფერიო“. არ ითვალისწინებენ ჩემს საჭიროებებს. არც ის მომწონს, როცა ჩემი სმენის სირთულის გამო ვეცოდები.


არის ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია - ფონდი აურეს. მე ამ ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელილ ვარ და აქვე ვმუშაობ. ვარ ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, ასევე, სმენის დაქვეითების მქონე ახალგაზრდების საერთაშორისო ფედერაციის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელის წევრი. აქტიურად ვარ ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ადვოკატირების საკითხებში.

ამის გარდა, ვმუშაობ სმენის სახლში, რომელიც სხვადასხვა სერვისს სთავაზობს სმენის სირთულეების მქონე ადამიანებს. განსაკუთრებით მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა.


სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვურჩევ იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის. ბევრი ილაპარაკონ თავის საჭიროებებზე, მოითხოვონ, რომ ჩვენთვის ადაპტირებული იყოს გარემო, რომ ჩვენც იგივე შესაძლებლობები გვქონდეს. "