eng geo
logo
უკან

სოფო ბოლქვაძე

რეგიონი: აჭარა

ქალაქი: ბათუმი

ასაკი: 29

დემეტრე 7 წლის ბიჭუნაა, რომელიც სამყაროს ნაადრევად მოევლინა და შეძლო,რომ სრულიად შეეცვალა ჩემი ცხოვრებისეული წარმოდგენები.

 

დემეტრე შეძენილი დიაგნოზების მატარებელია: ცერებრული დამბლის, ჰიდროცეფალიის, ეპილეფსიისა და განვითარების შეფერხების.

 

ჩვენი თავგადასავალი მისი დაბადებისთანავე დაიწყო- ბათუმში ცხოვრებისას დასჭირდა ნეიროქირურგიული მკურნალობა, რომელიც 1 თვის შემდეგ, ღუდუშაურის კლინიკაში გაგრძელდა. შეიძლება ითქვას,რომ პატარა მებრძოლი,რომელიც პირველი ოპერაციისას 900 გრამს იწონიდა, ერთი წლის განმავლობაში ამ კლინიკაში ცხოვრობდა, რა დროსაც 12 ოპერაციასთან გამკლავება შეძლო.

 

23 წლის ასაკში,ჩემი, როგორც მშობლის, ცხოვრება მთლიანად შეიცვალა — თავდაყირა დადგა. პატარასთან პირველად შეხვედრისას,სხვადასხვა ემოცია მეუფლებოდა, ვეღარ ვსაზღვრავდი, რა მელოდებოდა წინ, არ ვიცოდი, როგორ მემოქმედა…მომავლის სურათი ბუნდოვანი და აუხსნელი იყო.

 

მიუხედავად იმისა, რომ ექიმები დემეტრეს გადარჩენის შანსს 0%-ით აფასებდნენ, მე იმედს არ ვკარგავდი.

 

იყო მოსაზრებაც, თითქოს დემეტრესთვის ბრძოლას აზრი არ ჰქონდა... სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება დღემდე აქტუალურია.

 

რაც შეეხება ჩვენი ბრძოლის პროცესს- ბათუმიდან დროებით მივდიოდით თბილისში საცხოვრებლად, რათა დემეტრესთვის ყველა საჭირო რესურსი — ვარჯიში, მედიკამენტები, თერაპიები — ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

 

დემეტრესთან ემოციის დამალვა შეუძლებელია. მასში ისეთი გულწრფელობაა, ისეთი უპირობო სიყვარული, რომ მის გვერდით ყოფნა გასწავლის,თუ როგორ უნდა შეიგრძნო ბედნიერება წვრილმანებში.

 

შეიძლება ითქვას,რომ დემეტრესთან ერთად ვსწავლობ ცხოვრებას…

 

განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა „მაკ ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული მშობელთა ეროვნული კონფერენცია, რომელმაც ჩემი ცნობიერების ამაღლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. სწორედ იქ შევიტყვე იმ ადამიანებისა და რესურსების შესახებ, რომლებიც დამეხმარნენ, მეპასუხა ყველა კითხვაზე,რაც ორი წლის განმავლობაში დამიგროვდა.

 

ახალგაზრდა მშობლებს ვურჩევდი- იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გამოწვევის წინაშე დადგებით, არ იფიქროთ,რომ ეს დასასრულია. აუცილებლად გაიზიარეთ სხვა მშობლების გამოცდილება, მათ შორის მეც, მზად ვარ მივაწოდო დეტალური ინფორმაცია,რათა არ წააწყდეთ პრობლემებს,რომლებიც ჩემს შემთხვევაში გაჩნდა.

 

თქვენც ჩემსავით აღმოაჩენთ იმ ძალებს საკუთარ თავში, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით, მთავარია იფიქროთ პოზიტიურად, პოზიტიურ აზროვნებას მოვლენების სწორი ტრაექტორიით წაყვანა შეუძლია.