მანანა ქოქაშვილი
რეგიონი: შიდა ქართლი
ქალაქი: გორი
ასაკი: 43
ანდრიას დიაგნოზის გაგებას ემოციური შოკი და მძიმე დარდი მოჰყვა, თავიდან არც ვიჯერებდი და შეგუების პერიოდიც სევდით, დარდით იყო სავსე, მაგრამ ჩემს თავს ვუთხარი: “მანანა მოდი ხელი არ ჩაიქნიო”. მაშინ მკაფიოდ გავიაზრე, რომ დანებება გამოსავალი არ იყო, ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რათა ანდრიას განვითარების გზაზე არაფერი მოჰკლებოდა.
ანდრია ყველაფერში ჩავრთე სადაც შემეძლო. არ აქვს მნიშვნელობა მე როგორ ვიცხოვრებ მთავარია მას ჰქონდეს ყველაფერი რა დაეხმარება. სომხეთიდან დიაგნოზი დადასტურების დღიდან დავიწყე ბავშვის ჩართვა ყველაფერში: დღის ცენტრი, მასაჟები, ქცევის თერაპიები და ლოგოპედები. შედეგად დღეს ანდრიას შეუძლია სიარული, სირბილი და სხეულის უკეთ კონტროლი. კვების პრობლემა ისევ რჩება და ქცევაზეც მუშაობაც გრძელდება მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით ამასაც შევძლებთ.
სიცოცხლის ძალას და იმედს მაძლევს ისიც, რომ საზოგადოების ცნობიერება დღითიდღე იზრდება. ანდრიას ყველგან თბილად ეგებებიან სოფელში, ქალაქში, ქუჩაში უცნობი ადამიანებიც კი მას ღმერთის საჩუქრად მიიჩნევენ, მადლობელი ვარ რომ ჩემი შვილი ასე უყვართ და ზრუნავენ. ეს ჩემთვის უსაზღვრო მხარდაჭერის ტოლფასია.
ყველა მშობელს მინდა ერთი რამ ვუთხრა: არ დანებდეთ. ეს გზა არც მარტივია და არც მოკლე, მაგრამ არც შეუძლებელია. რთული დღეები იქნება, მაგრამ თქვენი სითბო, მოთმინება და შეუპოვრობა გახდება ის ძალა, რომელიც თქვენს შვილებს განვითარებისკენ წაიყვანს. გულწრფელად მჯერა, რომ თითოეულ მშობელს შეუძლია მიზანს მიაღწიოს საკუთარ შვილთან ერთად, მთავარია ენდოს პროცესს და მას გულით მიჰყვეს.