eng geo
logo
უკან

სოფო ხუციშვილი

რეგიონი: ქვემო ქართლი

ქალაქი: თბილისი

ასაკი: 25

 

„მე ვარ სოფო ხუციშვილი, 25 წლის, თბილისიდან. დავიბადე აბსოლუტურად ჯანმრთელი და სამ წლამდე არანაირ პრობლემას არ უჩენია თავი. შემდეგ შემეყარა ვირუსი და არასწორი მკურნალობის შედეგად განვითარდა კატარქტა, რომელმაც გამოიწვია ის, რომ დღეს უსინათლო ვარ. 



მიუხედავად ამხელა სირთულისა მე არასდროს არაფერში შევუზღუდივარ ჩემს მშობლებს, ჩვეულებრივად ვთამაშობდი ქუჩაში ბავშვებთან ერთადაც. თუმცა არსებული პრობლემის მნიშვნელობას მე მაშინ მივხვდი, როდესაც დადგა ჩემი განათლების მიღების დრო და უსინათლოთა სკოლაში შემიყვანეს. თუმცა ამ დაბრკოლებების და პრობლემების გააზრებამ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცა იმისა, რომ ძალიან კარგად მესწავლა. რა მნიშვნელობა აქვს პრობლემას ან მდგომარეობას - განათლება ეს ისეთი რამაა, რის გარეშეც უბრალოდ ვერ იქნები სრულფასოვანი ადამიანი. 



აბიტურიენტობიდან მოყოლებული ვოცნებობდი ადვოკატობაზე და მემგონი მიზანსაც მივაღწიე. დავამთავრე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და ახლა ვსწავლობ მაგისტრატურაში. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად ამ ყველაფრის თავის გართმევა შეუძლებელია, ძალიან აქტიურად მეხმარებიან დედ-მამა და მეგობრები. ბოლოს მინდა ბედნიერ ნოტაზე დავასრულო და ვთქვა, რომ მალე გავიკეთებ ოპერაციას, რომლის შემდეგაც დიდი იმედი მაქვს, რომ მხედველობა აღმიდგება.“