ნათია გოგოლაშვილი
რეგიონი: ქვემო ქართლი
ქალაქი: თბილისი
ასაკი: 46
"მე ნათია ვარ, საზოგადოების საკმაოდ აქტიური წევრი. ვმუშაობდი ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაციაში, შემდეგ ჯეოსელში, ამჟამად ვარ სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული პრევენციის მექანიზმის მოწვეული ექსპერტი.
1971 წლის ზაფხულის ღამე, თბილისში კიდევ ერთი გოგონა დაიბადა ჩემი სახით. წლინახევრის ასაკში დამიდგინა ცერებრული დამბლის დიაგნოზი. შოკში ჩავარდნილმა დედამ ექიმს ჰკითხა? „მალე გაუვლის?“. თუმცა პასუხი ყველასათვის ცხადი იყო. პირველი ტრამვა მივიღე, როდესაც ბაღში არ მიმიღეს. 1979 წელს დადგა ჩემი სკოლაში შესვლის საკითხიც, თუმცა მასწავლებელმა უარი განაცხადა ჩემს მიღებაზე და შინ სწავლის პროგრამაში ჩართვა შემოგვთავაზა, რაც მე საშინლად გავაპროტესტე და ჩემს მიზანს მივაღწიე. 1989 წელს ჩავაბარე გამოცდები და გავხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი.
ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე? მიხარია რომ ასეთი დღეები მრავლად იყო ჩემს ცხოვრებაში. ახლა ის დღე გამახსენდა როდესაც სტუდენტურ გაზეთში ჩემი პირველი სტატია გამოქვეყნდა თბილისში უტრანსპორტობის შესახებ. რაც შეეხება ყველაზე ნეგატიურ დღეს, ეს იყო, როდესაც ერთ-ერთმა ცნობილმა ლექტორმა მითხრა, რომ მე ვსარგებლობდი ჩემი შეზღუდული შესაძლებლობებით. ფაქტი ერთია როგორც კი გავიფიქრებ, რომ ჩვენი საზოგადოება გაიზარდა და აღიარა განსხვავებულთა უფლებები, მაშინვე ისეთი რამ ხდება, რომ ყველაფერი თავიდან იწყება. დასასრული კი არ ჩანს."